ბავშვები, საბავშვო ლექსები

მოკლე ლექსები ბავშვებისთვის

მოკლე ლექსები ბავშვებისთვის

მოკლე ლექსები ბავშვებისთვის. მოკლე და მარტივი ლექსები ბავშვებისთვის.

ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები

რა უნდა იცოდეს ბავშვმა ბაღში მისვლისას? – ეს კითხვა აქტუალობას არ კარგავს.

ამჯერად გთავაზობთ ლექსებს, რომელთა ცოდნაც, უფროსი ჯგუფების აღსაზრდელებს გამოადგებათ.


მზე ამოვა დილით

ჩიტი ბუდეს აშენებს,
ბუდე ჩვენს ბაღს ამშვენებს.
დაზრდის ჩიტი ბარტყებს,
დედა გაზრდის ბავშვებს.
მამა დარგავს ლამაზ ხეს,
შეავედრებს ყველას ღმერთს.
მზე ამოვა დილით
და გვაჩუქებს ღიმილს!
ჩიტი იტყვის: ,,ჭიკ-ჭიკ-ჭიკ,
ლხინი აქ და ჭირი იქ!’’

მარიამ წიკლაური


ია

რა ყვავილს ვგავარ, თუ იცით?
კარგად შემხედეთ, აბა…
ცისფერი ქუდი მახურავს,
მაცვია ლურჯი კაბა.
ბაღში ვარ, ხელით მატარებს
ჩვენი მებაღე ძია,
თავზე პეპელა მაზის და
იცით?
მე ია მქვია.

ნოდარ დუმბაძე


ობობა

რა ყოფილა ეს ობობა,
მთელი ეზო შემოღობა!
განა წნელით ანდა ფიცრით,
– რა აგიხსნათ, თქვენც ხომ იცით?

ქსელს ამზადებს იმისთანას,
ვერც ხერხი ჭრის და ვერც დანა…
ირგვლივ ისე შემოფინა,
ბუზიც ვეღარ შემოფრინდა!

ვასილ გულეური


ახალი კბილი

მიყვარს ბევრი კანფეტი
და მურაბა ტკბილი,
ამ ზაფხულში სოფელში
მოვიცვალე კბილი.

ბებომ მითხრა: _ ეგ კბილი
გავატანოთ თაგუნებს,
მაგის ნაცვლად თაგუნა
თავის საღ კბილს გარგუნებს.

თაგვო, კბილი მომეცი
და საქვეყნოდ გპირდები,
ცოტას შევჭამ კანფეტებს,
შენს კბილს გავუფრთხილდები.

იოსებ ციცქიშვილი


დილა მშვიდობისა

-ჩიტო, ჩიტო, ნაცარავ,
ვის უგალობ, ვისა?
შენ გიგალობ, პატარავ,-
დილა მშვიდობისა!
-მზეო, მზეო, ცხრათვალა,
ვის უცინი, ვისა?
-გაიღვიძე, პატარავ,
დილა მშვიდობისა!
-პაწაწინა ყვავილო,
რად გაშალე კვირტი?
-შენთვის მინდა, პატარავ,
აბა დამაკვირდი!
-მეც ახლავე ავდგები,
მეც დავიბან პირსა,
ყველას მივესალმები:
დილა მშვიდობისა!

მაყვალა მრევლიშვილი


თაფლი

მე და ბაბუმ სოფელში,
გავაკეთეთ სკები.
მოვაშენეთ ფუტკარი
და თაფლითა ვტკბებით.

ჩიტი ფეფო დაგვძახის:
-ნუ იქნებით გულქვა, 
ცოტა თაფლი ჩემთვისაც
გამოართვით ფუტკარს…

დიანა ღვალაძე


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *