საბავშვო ლექსები

3 მარტისთვის ლექსები

3 მარტისთვის ლექსები

3 მარტისთვის ლექსები – მარტის თვე კარს მოგვადგა. 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.

დედა ყველას ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე საყვარელია.

ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო ლექსების კრებულს 3 მარტისთვის


დედას

ჩემო საყვარელო, ჩემო საფიცარო,
ჩემო მშვენიერო დედა,
სითბოთი მევსება გული და თვალები,
როცა გაღიმებულს გხედავ!

მინდა იყო მუდამ ამაყი, ძლიერი,
თვალებს არ უხდება სევდა,
კორდზე ამოსულა ლურჯთვალა იები,
სულ შენ დაგიკრეფავ, დედა!

მაია წიგნაძე


დედა

დედა ჰქვია დედაციხეს,
დედაქალაქს, დედამიწას,
დედაბოძს თუ დედაენას
დედის ძალა დედამ მისცა!
დედა უძღვის წინ ყველაფერს,
ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს…
რადგან ძალა დედამ მისცა,
დედა იცავს დედამიწას!

გიორგი წერეთელი


დე, დედიკო, დედა

შენ ხარ ჩემი სული, გული
სილამაზე, მზე და
უდიდესი სიყვარული
დე, დედიკო, დედა.
შენი რწმენით სავსე ლოცვის
მადლი სულ თან მდევს და
მაძლიერებს, სითბოდ მოდის
დე, დედიკო, დედა.

ნათია აბულაძე


დედა

ბევრი წერს ლექსებს დედაზე,
მაგრამ მე მინდა დაგხატო.
ჩემო ლამაზო დედიკო
ჩემი ხელებით გაგათბობ.

შენ ერთს დაგიკრეფ ენძელებს,
იებს, ვარდებს და გვირილებს
შენი ალერსით ვთბები და
შენი ღიმილით ვიძინებ.

ანა ნოდარიძე


დედი…

დედი, ჩემო საყვარელო,
კეთილო და ენამზე,
მშვენიერო, სანატრელო,
გლოცავ, ყველა ენაზე!
დედი, ჩემო ტკბილზე ტკბილო,
სხივნათელო, მზეთამზე,
დედოფალო, თბილზე თბილო,
საამაყო ყველაზე!

ნათია აბულაძე


დედა

– იცი ქვეყნად რა არის
თაფლზე უფრო ტკბილი?
– კოცნა და ჩახუტება
დედიკოს და შვილის.

– და თუ იცი წამალი
ყველაფერს რომ შველის?
– დედის კოცნა ნატკენზე,
ტირილით რომ ველით.

– ყველა შეკითხვის დასმას
სხვასთან თუ ვერ ვბედავთ,
პასუხს ვინ არ იზარებს?
– რა თქმა უნდა, დედა!!!

სოფო გასიტაშვილი


ხელისგულზე

– შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.
ყანა, წყარო, ლურჯი მთები, –
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.
ხელისგულზე ერბო-კვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.

მაყვალა მრევლიშვილი


დედიკონა

თუ როდისმე გაწყენინე
ახლა ვითხოვ პატიებას.
შენ შვილს ცუდი საქციელი
ვიცი, არ მეპატიება.
დღე და ღამე მარიგებ და
მუდამ ჩემზე დარდიანობ.
მასწავლი , რომ „კარგი შვილი
დედის გულის ვარდიაო“
მსურს დავკრიფო ია- ვარდი,
სიყვარულით შევკრა კონა.
პირობას ვდებ: ვისწავლი და
გასახელებ დედიკონა.

ხათუნა გულიაშვილი


დედის თვე

მარტი კაბას იკერავსო,
ბებომ გუშინ მასწავლა,
ცისარტყელა შვიდფერაა,
მზე კი თურმე – ცხრათვალა.
მარტს დედის თვეს ეძახიან,
იაიით მოსართავს,
ენძელებს და ყოჩივარდებს
გაზაფხულად მონათლავს.
ფერად ფანქრებს მოვიმარჯვებ,
მეც დავხატავ გაზაფხულს,
ჩემს დედიკოს მივულოცავ
ათას, ათას სიხარულს.
მარტის თვე ხომ დედასია,
მე ვაჩუქებ დანარჩენს,
სხივი ფერებს ჩამომაწვდის
ნახატისთვის ასარჩევს.
სიყვარულით ვაფერადებ,
ცისარტყელას, შვიდფერას,
როცა დედა ჩემთან არის
მაშინ მინდა სიმღერაც…

ელენე სალარიძე


დედიკოს დამხმარე

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობას კი არ მიხდის
ასეთ დახმარებაში.

კომოდს როცა ალაგებს
და ზემოდან მოჰყვება
მე ქვემოდან გადმოვყრი
რაც კი ხელში მომხვდება.

მერე ჩართავს მტვერსასრუტს
და მეც ვალში არ ვრჩები,
წინ რომ წავა მაშინვე
უკნიდან ვექაჩები.

იატაკს რომ ჯოხით წმენდს,
მეც ის ჯოხი მინდება,
ბავშვური თამაში ხომ
რა ხანია მწყინდება.

რატომ ბრაზობს დედიკო
მართლაც გამკვირვებია,
მამიკოს რა აცინებს
ვეღარ გამირკვევია.

მე ხომ ძალიან მინდა
დედა არ დაიღალოს
და ჩემი დახმარებით
ყოველთვის გაიხაროს.

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობასაც არ მიხდის
ასეთ დახმარებაში.

სოფო გასიტაშვილი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *