განათლება, საბავშვო ლექსები

საბავშვო ლექსები – ნოდარ დუმბაძე

საბავშვო ლექსები - ნოდარ დუმბაძე

საბავშვო ლექსები – ნოდარ დუმბაძე. მარტივი ლექსები ბავშვებისთვის.

ნოდარ დუმბაძის ლექსების ბავშვებისთვის


ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები

საბავშვო ლექსები - ნოდარ დუმბაძე

საბავშვო ლექსები - ნოდარ დუმბაძე

მ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
ლალი - რაო, ჩემო მანანა?
მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
ლ ა ლ ი - რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გააცივო,
ისევ სურდო დამართო?
მ ა ნ ა ნ ა - რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
ლ ა ლ ი - არაფერიც, არაფერიც,
არაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
ლ ა ლ ი - მერე მე რომ მოგარჩინე,
ექიმი რომ ვიყავი?
მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
ლ ა ლ ი - მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?!
მ ა ნ ა ნ ა - მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
ლ ა ლ ი - როგორც ვხედავ, ქალბატონო,
უმადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაბთები?
მ ა ნ ა ნ ა - არც თოჯინა მინდა შენი,
აღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები!

 


 

მელიამ უთხრა ქათამსო:
- რომ შეაბერდი მამალსო,
ამაღამ ჩემთან წამოდი,
თვალ-მარგალიტით აგავსო.
ქათამმა უთხრა: - მელაო,
მე შენთვის არა მცხელაო,
სულ ერთი წუთი მაცალე,
გამოვაღვიძებ მურასო
და იმას ელაპარაკე,
თუ თავზე ქუდი გხურავსო.

 


 

ბები, როგორ დავიჯერო,
რომ სათვალე კარგია,
იმ დღეს ვცადე, გავიკეთე,
არაფრად არ მარგია.
ვეღარც ფისო დავინახე,
ვეღარც ჩვენი თემური,
სათვალეა, ხელს რომ გიშლის,
შენ კი თვალებს ემდური.
გახსოვს, გუშინ, საყვარელო,
მთელი დღე რომ მაწვალე?
თურმე ცხვირზე გეკეთა და
მაძებნინე სათვალე.

 


ვარადა, ბიჭო, ვარადა,
უკვე აღარ ვარ ავადა,
დედიკომ ძალით შემასვა
წამლები მთელი კარადა.
კენჭივით ბიჭი ვიზრდები
ბაბუას გასახარადა,
ნოდარი მქვია სახელად,
თოფურიძე ვარ გვარადა.

 


 

დედაც მიყვარს,
მამაც მიყვარს,
საჩუქრებიც მომწონს მათი,
მაგრამ ყველას მირჩევნია
ერთი ჭიქა ლიმონათი.
რამდენ წამალს ვსვამ და ვყლაპავ
მისი ეშხით, მისი ხათრით,
თქვენ არ იცით, რა კარგია
გაზიანი ლიმონათი.

 


როცა ავად ვიყავი,
ვსვი და ვყლაპე წამალი
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა,
ბაბუამ თქვა: - რა ვქნათო?
ბებიამ თქვა: - სასწრაფოდ
მამლაყინწა დავკლათო.
ჰოდა, ეს რომ გავიგე,
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მერე იცით, რა მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა...
იმ სულელმა მამალმა
კარადაში იყივლა.

 


ხანძრობანას თამაში
შეიძლება თავლაში?!
ქალბატონო ასმათი,
დაუმალეთ ასანთი!
ნოდარიკო თავბუა,
ნუ აწვალებ ბაბუას!
ტყავს გაგაძრობს, ყაჩაღო,
ცეცხლი რომ გააჩაღო!

 


დედიკო მყავს სტუდენტი,
მამა - არქიტექტორი,
ბებო - თვალის ექიმი,
ბაბუა კი - ლექტორი.
მიყვარს ბევრი ძილი და
უფრო ბევრი თამაში.
ჯერჯერობით ვერვინ მჯობს
ტირილსა და ჭამაში.
სახლი მიდგას ვერაზე,
ნომერი აქვს წაშლილი,
თუ დაგჭირდეთ, იკითხეთ:
ლევან მაჭარაშვილი.

 


დღეს სულ მოწყენილი ვარ,
ხასიათი წამიხდა,
იცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ, ბებია,
მოერიდე ავადმყოფს,
იქნებ გადამდებია.
ღმერთო, ნეტავ საშიში
არაფერი არ იყოს!
აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,
გარეთ გადი, მამიკო!

 


ჩემო ჭრელო პეპლებო,
ჩემო ლურჯო იებო,
ჩემო ნუშის ხეებო,
ჩემო ჩიტუნიებო.
როდის აყვავილდებით,
ატმებო და ვაშლებო,
ტყეში მარწყვის საკრეფად
როდის წავალთ, ბავშვებო?
ჰა, ზამთარი მიდის და...
თოვლი დნება ნელ-ნელა.
აი, თავი ამოჰყო
ბუჩქის ძირას ენძელამ.
საწყალ თოვლის ბაბუას
დავუშინოთ გუნდები;
გაზაფხულო, ლამაზო,
მალე დაგვიბრუნდები?

 


გამარჯობა, დათუნია,
რა კარგი ხარ, ლამაზი,
ვერ მიცანი? შემომხედე,
მე ვარ, შენი თამაზი.
ყურადღებას არც კი მაქცევ,
მოდიხარ და მიდიხარ...
მეც მყავს სახლში დათუნია,
მაგრამ შენ ხომ დიდი ხარ!
არ გრცხვენია, დამიკარგე
შენი ნახვის ხალისი.
რამოდენა გაზრდილხარ და
გამარჯობა არ იცი.

 


დედიკომ და მამიკომ
დამიტოვეს ქეთინო,
ასე მითხრეს: - მიხედე,
არაფერი ეტკინოს;
არაფერი გატეხოს,
არ დაკუწოს კაბები,
არ მოხატოს კედლები,
არ აბურდოს ძაფები;
დაუმალე ნემსები,
დაუმალე ღილები,
მაკრატელიც დამალე,
არ დაიჭრას ფრჩხილები;
არ გააღოს კარადა,
არ დახიოს წიგნები,
ფანჯარა თუ გატეხა,
დამნაშავე იქნები;
არ მიუშვა ღუმელთან,
არ დაგვღუპო, მანანა!
არ დახაზოს პარკეტი,
დაუმალე მანქანა;
არ ჩაუშვა ეზოში,
სურდო არვინ დამართოს,
დაუმალე ფანქრები,
ხელში დანა არ ანდო;
როცა გავალთ, კარები
გადაკეტე რაზებით,
განჯინაში ჩაკეტე
ჭიქები და ვაზები.
მეტი რა დაგიბაროთ,
თვით მიხვდები დანარჩენს...
ჰო, ასანთი არ ანდო,
თორემ ხანძარს გააჩენს.
- ჰოდა, ასე თუ გინდათ,
დედიკო და მამიკო:
არაფერი შეემთხვეს
ჩემს პატარა დაიკოს;
თუ გინდათ, რომ ქეთინოს
არაფერი ეტკინოს,
მე გამიშვით კინოში,
თქვენ მიხედეთ ქეთინოს.

 


წერა-კითხვა ვისწავლე,
აი, უკვე დიდი ვარ.
არ წამიყვანთ სკოლაში?
ბაღში აღარ მივდივარ!..
თვლა ხომ ვიცი ასამდე,
თანაც ექვსი წლისა ვარ,
პატარა რომ ვიყავი,
განა ისევ ისა ვარ!
სულ ხუთებზე ვისწავლი,
ჩემს დედიკოს ვფიცავარ!

 

ნემსი

ძაფს რომ ნემსში ვერ აგებს,
ბებო ბრაზობს ძალიან,
მიჯავრდება ხანდახან,
თითქოს ჩემი ბრალია,
შორიდან რომ ვუქცერი,
გული დარდით მევსება,
დამიტანჯეს ბებიკო
საძაგელმა ნემსებმა.
გაგონილა ასეთი?
რატომ ვერა ხვდებიან...
დიდი ნემსი უყიდონ
ჩემს საყვარელ ბებიას!

 

ნოდარიკოს სტუმარი

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
წყალში ყინვა ჩამდგარიყო,
ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის
ტყეში მოცვი გამქრალიყო,
მშიერი და გათოშილი
ფანჯარასთან მომდგარიყო
და ტირილით ეძახოდა:
- გამიღეო, ნოდარიკო!
სხვანაირად აბა, განა
შეიძლება მომხდარიყო?
ის ზარმაცი ღობემძვრალა
ნოდარისთან სტუმრად იყო.
სტუმრად იყო და შიმშილით
ჩიტი რომ არ მომკვდარიყო
დღეში სამჯერ ჩაის კოვზით
რძეს ასმევდა ნოდარიკო.

 

საახალწლო

- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?
- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.

 

არწივის ბრძანება 

სულით, ხორცით და ბუმბულით
პოეტი იყო ბულბული.
გადაეკიდა წეროო,
ლექსი მე უნდა ვწეროო.
ეს რომ გაიგო ვარდმაო,
გადაიყოლა დარდმაო.
ეს რომ შეიტყო არწივმა,
თვალთაგან რისხვა აწვიმა
ბრძანა: - მომგვარეთ სულელი,
ვარდს დაუბრუნოს სურნელი,
თან გადაეცით წეროსა,
არც წეროს, არც იმღეროსა,
თორემ ფრთასა და ბუმბულსა
გავაცლი ღერო-ღეროსა,
წერომ ბაყაყებს მიხედოს,
ლექსი ბულბულმა წეროსა.

 


 

ბაყაყისა და ქეთინოს გასაუბრება

გაბერილი და ამაყი
წყალში ყიყინებს ბაყაყი.
ქ ე თ ი ნ ო : ცურვა რომ იცი, ბაყაყო,
ყვინთვა რომ იცი, ბაყაყო,
იმითი ხომ არ ამაყობ?!
აბა, ნაპირზე ამოდი,
ნახე, რა მაგრად დაგნაყო!
ბ ა ყ ა ყ ი : ცურვა და ყვინთვა რომ ვიცი,
სწორედ იმიტომ ვყიყინებ,
გაბედე, წყალში ჩამოდი,
სულ დაგაწიწკნი კიკინებს!

 


 

ბეკეკა

გამიგონე, ბეკეკა,
გეყო სტუნვა-თამაში,
ხედავ? დამეტაკე და
ამომსვარე ტალახში.
ერთხელ თუ გაგებუტე,
ვეღარ გადამიბირებ,
მერე მთელი საათი
დაჯექი და იტირე.
თუგინდ ჩემი მურიაც
შენი ცოდვით იწვოდეს,
შენს დედიკოს მონაწველ
რძეს არ დავლევ, იცოდე.

 


ბუა

ბებომ იმდენი მაშინა,
- მოვა და შეგჭამს ბუაო,
მე მგონი თვითონ შეშინდა
და წნევამ გააბრუაო.
ნუ გეშინია, ბებიკო,
მაგას ვასწავლი ჭკუასა
და შენი შეშინებისთვის,
მე თვითონ შევჭამ ბუასა.

 


 

გუგულის საყვედური

ჩიტებში რომ მაქიაქებთ,
მთათხავთ, ტალახს მესვრით,
ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე
ჩემზე უკეთესი?..
სხვა რომელი ჩიტი გიხმობთ
გაზაფხულზე ესე:
- ხალხო, დროზე გაიღვიძეთ,
თესეთ - კაფეთ - თესეთ!!!
მე შემარქვით პარაზიტი,
ბულბულზე წერთ ლექსებს,
ამის შემდეგ სხვებს ასწავლით
ზრდილობას და წესებს?!

 

დათუნიას მოსაწვევი ბარათი

სათაფლიას უსიერში
ყველას, ყველას გელით,
ხვალ ჯვარს იწერს ჩემი ბიჭი,
საამაყო ბელი.
ფიჭვნარში მაქვს გამართული
მამული და სახლი,
სავსე პანტით, კურკანტელით,
წაბლითა და თაფლით.
ქორწილი მაქვს არნახული,
სმით და ჭამით, დაღლით,
ოღონდ არ წამოიყვანოთ
მონადირე ძაღლი,
ოღონდ არ წამოიყვანოთ
ტყეში სტუმრად ფუტკარი,
და თუ მოვა, ის ნესტარი
შინ დატოვოს, უთხარით.
ოღონდ არ წამოიყვანოთ
მონადირე სოფლის,
და თუ მაინც არ დაიშლის,
შინ დატოვოს თოფი.
თქვენი კარგად ყოფნის მეტი
არაფერი მინდა,
ერთხელ მაინც ვიქეიფოთ
უჩხუბრად და მშვიდად.
ჩემს სასახლეს უღრან ტყეში
არ აწვიმს, არ ათოვს,
თუ მეწვევით, გამახარებთ!
მარად თქვენი დათო.

 

დღეობა

ხვალ არის ჩემი დღეობა,
იქნება დიდი ღრეობა.
უკვე დღე არის მესამე
დანებს და ჩანგლებს ლესავენ,
ჩამოვლენ, როგორც სვავები,
მშიერი ნათესავები,
ვეღარ გიშველით ვერაფერს,
გადასანსლავენ ყველაფერს.
ვარიკებო და ტახებო,
კარებს გაგიღებთ ახლავე,
ვნახოთ, მშიერი სტუმრები
რას შეჭამენ და დახრავენ.
ოღონდ ზეგ დილით დაბრუნდით,
ვარიკებიც და ტახებიც,
ხომ იცით, თქვენი გულისთვის
რა მაგრად გავილახები!

 

ექიმი

მოვიდა და გაგვსინჯა
ერთად მე და ბებია,
მერე უთხრა დედიკოს:
- ბავშვი გაგცივებიათ.
მე კი სულ არ მციოდა,
თბილად მეცვა ზემოდან,
გიზგიზებდა ბუხარი
და ძალიან მცხელოდა.
ავად სულაც არა ვარ,
ან მცივანა როდი ვარ,
ძია ექიმს ეშლება -
მე ბებია ვგონივარ.

 

თაგვი

თაგვი ვარ, სპილო ხომ არ ვარ,
რომ მაბრალებენ ამდენსო,
ერთ მარცვალს შევჭამ, ყვირიან:
- ვაი, ბეღელი დაგვევსო,
ვერაფრით ვერ ავუდივართ,
ამ ღორმუცელა თაგვებსო!
და მთელი ქვეყნიერება
სათაგურებით დამდევსო.
კატის და ძაღლის არ მიკვირს,
კაცი რამ გაამგელაო,
ნეტავი მართლა სპილო მქნა,
სუყველას გადავთელავო.

 

ია

რა ყვავილს ვგავარ, თუ იცით?
კარგად შემხედეთ, აბა...
ცისფერი ქუდი მახურავს,
მაცვია ლურჯი კაბა.
ბაღში ვარ, ხელით მატარებს
ჩვენი მებაღე ძია,
თავზე პეპელა მაზის და
იცით?
მე ია მქვია.

 

იხვი და მამალი

ვიტი, ვიტი,
ჩემზე დიდი
მოცურავე ვინ არი,
ვის ამშვენებს ულვაში,
გამეჯიბროს ცურვაში.
ზურგზე ლურჯი ზოლი გამდევს,
ჩემპიონის კანტია,
იხვთა მოდგმა ვასახელე,
მეძახიან „კვატიას“.
და დედლების ამალით
იქვე გაჩნდა მამალი.
უკან არ დაიხია,
ტანზე შემოიხია:
- მაგ დაფეხვილ ტრაბახას
მივალ, ყელში ვეცემი,
დაახალეთ, დედლებო,
თქვენი ლაყე კვერცხები.
ისე მაგრად გავცურო,
ისე მაგრად ვიყივლო,
მაგას თუ არ ვაჯობო,
დე, გამიხმეს ბიბილო!
გადაეშვა მორევში,
ცა ყივილით გახია,
და იმ დღიდან მამალი
დედლებს არ უნახია.

 

კრუხი

ახლოს მისვლას არ დამაცლის,
იკივლებს და იწივლებს,
თითქოს რამეს ვუპირებდე
თავყვითელა წიწილებს.
ეს რა ავი კრუხი არის,
როგორ შემომაფრინდა!
ამის შემდეგ მე მაგასთან
ლაპარაკიც არ მინდა.
შენიაო წიწილები,
თუგინდ მითხრათ ასჯერაც,
სანამ კრუხს არ მომაშორებთ,
არავისი არ მჯერა.

 

მგელი, ბატკანი და მურია

ერთხელ ბატკანმა მურიას
შეჰკადრა საყვედურია:
- რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით
ვერ გვიჭამია პურია?!
გაბრაზებულმა მურიამ
ხელად იძია შურია,
მგლის ლეკვს, ფარეხში შეპარულს,
ძირში მოჭამა ყურია.
მგლის ლეკვმა დედას შესჩივლა
დაკბენილმა და უყურომ:
- მურიას მამაძაღლობას
როდემდე უნდა უყურო?!
შეშინებულმა ძუ მგელმა
ატეხა ვაი-ვიშიო,
შვილს უთხრა: - ხომ გაგაფრთხილე,
გქონდეს ძაღლების შიშიო,
ცხვრის გადამკიდე, მაგ ოხრებს,
არ უყვართ ჩვენი ჯიშიო.
სხვა გზა არ არის, შვილებო,
მგლის ჯიშმა დღეის იქეთო,
უნდა გვარი და სახელი
ძაღლებად გადავიკეთოთ.

 

მღერიან თუშის ბიჭები

მიტანტალებენ ბილიკზე
თუშის პატარა ბიჭები,
ფეხში ესობათ ეკლები,
ფეხში ესობათ ხიჭვები.
მიდიან, მიიმღერიან,
მთები უწყობენ ხმასაო:
"თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ,
კიდევ ვჯობივარ სხვასაო...
არ მივატოვებ არასდროს
მთაში გარეკილ ცხვარსაო,
არ გავაცივებთ ღადარსა,
არ გამოვკეტავთ კარსაო,
ომალოს, დიკლოს, შენაქოს
არ დავუტოვებთ სხვასაო".
ნიამორები გადმოდგნენ
გადმოეფინენ მთებსაო.
მდინარეები გადმოსკდნენ,
კლდემ კლდეზე დაიკვნესაო.
ირემმა ირემს გასძახა:
ბალღებმა ეს რა თქვესაო!
ნეტაი, ჩვენსა მამულსა!
ნეტაი, დედათქვენსაო!

 

ნანა

ლურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა
გაოცებული ნანაო:
- ეგ კაბა ყაყაჩოებით
ვინ მოგიქარგა, ყანაო?
ერთი ის კაცი მაჩვენე,
მეც მინდა მაგისთანაო

 

პრანჭიები

სულ ერთი ციცქნა, პაწია
ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას,
ისე პატარა ბოსტანი,
ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია,
იქვე ბაჭიას მეზობლად
ციყვს ჰქონდა ნაძვზე ფუღურო,
შიგ ედგა ერთი ქოთანი,
ცარიელი და უყურო.
და მათ მეზობლად, ღრუბლების
იმედითა და ნუგეშით,
პატარა იხვი ცხოვრობდა
გობისოდენა გუბეში.
ბაჭია გაიძახოდა:
- შრომით მასკდება ოფლიო,
სტაფილოთი და მწვანილით
მე ვამარაგებ მსოფლიოს!
იხვი გუბიდან ყვიროდა:
- ცა თავზე ქუდად მხურავსო,
რაც მსოფლიოში თევზია,
სულ ჩემს გუბეში ცურავსო!
ციყვი ისეთი ფრთხილია,
ფუღურო ჩაკეტილი აქვს,
შიგნიდან გაიძახოდა:
- ეს ჩემი ორი კბილია,
ისეთი ალესილია,
რაც მსოფლიოში თხილია,
სულ ჩემი დაკვნეტილია!
ტრაბახში დადგა ზამთარი,
ერთ თვესაც არ გაუვლია,
იხვსაც,
ციყვსაც
და ბაჭიას
შიმშილით გასძვრა სულია.
იხვი,
ციყვი
და ბაჭია
სამთავე იყო პრანჭია.

 
 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *