ბავშვები, საბავშვო ლექსები

საბავშვო ლექსები დედაზე

საბავშვო ლექსები დედაზე

საბავშვო ლექსები დედაზე – ლექსები დედაზე.

ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები

მარტის თვე კარს მოგვადგა. 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.

დედა პატარების ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე საყვარელია.

გთავაზობთ ლექსებს, რომლებიც დედას მიუძღვნეს და შესაძლებელია, რომ ისინი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ასწავლოთ.


საბავშვო ლექსები

საბავშვო ლექსების კრებული

საბავშვო ლექსების კრებული

შვილისთვის დედა წმინდა ხატია

უფალო ღმერთო შენ დაიფარე,
დედაშვილობის წმინდა ტაძარი,
ნუ დააშორებ დედას თავის შვილს,
რომ არ ქვას :-ნეტავ, დედა სად არი?

ცოცხლობს და სუნთქავს მხოლოდ შვილისთვის,
ღამესაც მასზე ფიქრებში ათევს,
მდუმარედ ანთებს სანთელს ხატის წინ,
ლოცვით უფალთან კარსაც შეაღებს.

შვილზე მლოცველსა დედას მანდილი,
წმინდა სანთლებად რომ ჩაეღვრება,
თუმცა სხვა არის როცა შვილები,
კისერზე ხვევნით გულს რომ ეკვრება.

შვილისთვის დედა ხომ ის ხატია,
ვერაფერს რომ ვერ, ვერ შეადარებს,
უფალო, შეგთხოვ შვილს თავის დედას,
ძალიან დიდხანს ნუ მოანატრებ!

 

ყინული

ერთ ზამთარის დილას პატარა
ბავშმა ნახა, რომ ყინულიც
მზეზე ბრჭყვიალებს, საწვიმარ
ღარზედა ჩამოკიდული,
და უთხრა დედას სიამით:
"დედილო, გენაცვალეო,
ეგერ ალმასი ჰკიდია
და ამომიღე მალეო."
-"მოიცა, შვილო," - სთქვა დედამ:
"მზე კარგად ამოვიდესო
და მაშინ ნახე, შენს ალმასს
აბა რა მოუვიდესო!.."
მართლაც, გათბა დღე თუ არა,
წვეთა დაიწყო ყინულმა
და ისევ დედას მიმართა
პატარამ გაკვირვებულმა:
-"უიმე, დედა, შეჰხედე,
მოსწვეთავს, წყლად ქცეულიო!"
-"რად გიკვირს, შვილო? დამდნარა, -
თოვლია, გაყინულიო!"
- "მე-კი ალმასი მეგონა,
ისე რომ ბრჭყვიალებდაო, -
სთქვა გულდაწყვეტით პატარამ:
"და მისთვის მახარებდაო,"
დედამ მიუგო: "ჰო, ხშირად
გვატყუებს გარეგნობაო;
მიტომაც არის საჭირო
დაკვირვება და ცნობაო!.."

 

ყველას თავისი დედიკო უყვარს

ყველას თავისი დედიკო უყვარს,
წიწილას - კრუხი, ბეღურა - ბარტყებს,
კნუტს - კატა, კოზაკს - ზანტი აქლემი,
დედა არწივზე გიჟდება მართვე.

ბახალებს უყვართ დედიკო ყვავი,
მერე რა მოხდა, თუკი ყრანტალებს,
სამაგიეროდ კარგი დედაა,
შვილებს სულ ფრთებისგულზე ატარებს.

ბოჩოლას უყვარს დედიკო ძროხა,
ლეკვებს - მელია, ძაღლი და მგელი,
თან ისე უყვართ, ისე ძალიან,
ხანდახან თვალზე ადგებათ ცრემლი.

ფუმფულა ცხვარი უყვარს ბეკეკას,
თხა - თიკანს, ხოხობს თან დასდევს ლაპი,
ყურში გეტყვით და იმ უსაძაგლეს
დედა ვირთხაზეც გიჟდება ღლაპი.

ბოკვრებს დედიკო ლომები უყვართ,
გოჭებს - მსუქანა დედიკო ღორი,
დიდი ამბავი, თუკი ყოველდღე
დათხუპნულია ტალახში გორვით.

ბაჭიას უყვარს დედა კურდღელი
მის თათზე უდევს ძილის დროს თათი,
სულ ღიპზე ჰკოცნის სიყვარულისგან
ბელს ისე უყვარს დანდალა დათვი.

ყველას თავისი დედიკო უყვარს,
ჩოჩორს ვირი და წრუწუნას თაგვი,
მე ჩემი თბილი დედიკო მიყვარს,
ისა არის ქვეყნად ყველაზე კარგი.

 

ყველაზე ლამაზო

ყველაზე ლამაზო,
ყველაზე კეთილო,
ნუ სწყრები მალ-მალე,
პატარა დედილო!

მე მინდა, ყოველთვის
იცინო ლამაზად,
ნებივრად გივლიდეს,
მე ვეტყვი მამასაც.

თავზე რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები
სულ შენი დამცველი.

პატარა, ჯიუტი
თუ გყავდი აქამდე,
ხომ უკვე დიდი ვარ,
დარდები გაფანტე.

გამგონეც ვიქნები,
დამჯერიც ვიქნები,
ოღონდაც ნათელ შუბლს
ნუ იღლი ფიქრებით.

თუ რამე ვიტკინე,
მიშუშებ ალერსით.
ახლა მე გაკოცებ
მაგ ლამაზ თვალებში!

 

ღრუბლები

თამაშობენ ღრუბლები,
ონავარი ტყუპები,
გორაობენ ცაში,
ცაა მათი სახლი.

ქუხქუხებენ, ჭექენ
და ქვეყანა შეძრეს.

ამ დროს დედაც მოვიდა,
ბრაზისაგან იკივლა,
ონავარი ტყუპები
ელვის ჯოხით მიტყიპა.

წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ -
წვეთები ეცემიან გუბეში,
თქვენ გგონიათ გაწვიმდა?
ღრიალებენ ტყუპები.

იღრიალეს, იტირეს,
მერე დედამ იდარდა,
მიეფერა ღრუბლებს და
უცებ გა-მო-ი-და-რა!

 

მე, ყველა დედა, მინდა დაავლოცო

თვალწინ გაირბენს ჩემი ბავშვობა,
როგორ მირწევდი სიმღერით აკვანს,
სხვა სითბო ჰქონდა იმ სიტყვას „შვილო“,
სხვა მადლი ჰქონდა იმ ქართულ „ნანას“.

მე, ყველა დედა, მინდა დაავლოცო,
რადგან ეს მადლი კურთხეულია
და სიყვარულიც, დედაზე მეტად,
ალბათ არავის არ შეუძლია.

როცა გიხსენებ ჩემო გამზრდელო,
ბავშვობის დროში გადავიჭრები,
თვალწინ მიდგახარ აკვანს მიმჯდარი,
როგორ მარწევდი ტკბილი სიმღერით.

ძილში დამფრთხალი, შეშინებული,
რომ მოგკრობივარ მკერდზე კანკალით,
ჩახუტებული, ისევ ღიღინით,
ჩამაძინებდი ფრთხილი ნანავით.

მე, ყველა დედა მინდა დავლოცო,
რადგან ეს მადლი კურთხეულია,
და სიყვარული შენ რომ მაჩუქე,
მხოლოდ უფალს და შენ შეგიძლია.

 

მაინც რაოდენ დიდია დედა

მთელი ძალით,რომ ცდილობს ყოველთვის,
ჩვენთვის გაათბოს ყოველი დღე და
გააფერადოს გრძნობით სამყარო,
მაინც რაოდენ დიდია დედა?!

საკვირველია რარიგ ახერხებს,
საგულდაგულოდ დამალოს სევდა, 
ჩვენთვის კი შექმნას დღე-სასწაული,
მაინც რაოდენ დიდია დედა?!

რთულ დროებაში დასუსტებული,
ყველა  განსაცდელს ებრძოლოს
მხნედ და 
შეძლოს შვილისთვის შეუძლებელი,
მაინც რაოდენ დიდია დედა?!

წინ-წინ იაროს და შვილს გაუძღვეს,
ასე  ამრიგად აშოროს ელდა,
მასში აღზარდოს ადამიანი,
მაინც რაოდენ დიდია დედა?!

 

კატო

ჭყუპ, ჭყუპ! დედამ მაბანავა,
თბილ ლოგინში ჩამაწვინა.
მაძინებდა, მაგრამ დაღლილს
ჩემზე ადრე ჩაეძინა.
დედას ფრთხილად მოვეფერე,
მას კი, ძილში გაეცინა,
მერე მკერდში ჩავეხუტე
და მეც ტკბილად ჩამეძინა.

 

იავნანა

მზე ჩასულა, დაღამდაო,
თვალში ძილი ჩამდგარაო,
ჩემს ანგელოზს ეძინება,
ნანა შვილო, ნანინაო.

ვარსკვლავივით თვალციმციმა,
დედას გულში უყვარხარო,
დაიძინე თვალხატულა,
ნანა, შვილო, ნანინაო.

სიზმრად შენი ანგელოზი
გადაგირწევს აკვნსაო,
მზის ამოსვლას შეგახვედრებს,
ნანა შვილო, ნანინაო.

 

ზარი

სკოლიდან მოსულ პაატას
იმედით ჰკითხა დედამ:
- აბა, რომელი საგანი
მოგწონს ყველაზე მეტად?
- ცხადია, ზარი, დედიკო,
რა კითხვა უნდა, ნეტავ?!

 

დედის მისალოცი

რიგში დგას ანდრია, რეზი და დავითი
იების კონების ხელში...
დედის დღეს ულოცავენ დედიკოს სიმღერით,
ვაჟკაცებს „ლილეო“ შვენით.

დედაც გაახარეს, ბებოც გაახარეს,
ნატვრაც გაუბრწყინდათ თვალში:
„სვანეთში გავფრინდეთ, უშბაზეც ავფრინდეთ,
შვილის დღე რომ იქნება, მაშინ“...

 

დედის თვე

მარტი კაბას იკერავსო,
ბებომ გუშინ მასწავლა,
ცისარტყელა შვიდფერაა,
მზე კი თურმე - ცხრათვალა.

მარტს დედის თვეს ეძახიან,
იაიით მოსართავს,
ენძელებს და ყოჩივარდებს
გაზაფხულად მონათლავს.

ფერად ფანქრებს მოვიმარჯვებ,
მეც დავხატავ გაზაფხულს,
ჩემს დედიკოს მივულოცავ
ათას, ათას სიხარულს.

მარტის თვე ხომ დედასია,
მე ვაჩუქებ დანარჩენს,
სხივი ფერებს ჩამომაწვდის
ნახატისთვის ასარჩევს.

სიყვარულით ვაფერადებ,
ცისარტყელას, შვიდფერას,
როცა დედა ჩემთან არის
მაშინ მინდა სიმღერაც...

 

დედის ალერსი

დედის ალერსი იტევს სამყაროს,
ის წამალია იარებისა
სიყვარულია ღვთიური ლოცვის
და ემბაზია ზიარებისა.


დედიკოს დამხმარე

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობას კი არ მიხდის
ასეთ დახმარებაში.

კომოდს როცა ალაგებს
და ზემოდან მოჰყვება
მე ქვემოდან გადმოვყრი
რაც კი ხელში მომხვდება.

მერე ჩართავს მტვერსასრუტს
და მეც ვალში არ ვრჩები,
წინ რომ წავა მაშინვე
უკნიდან ვექაჩები.

იატაკს რომ ჯოხით წმენდს,
მეც ის ჯოხი მინდება,
ბავშვური თამაში ხომ
რა ხანია მწყინდება.

რატომ ბრაზობს დედიკო
მართლაც გამკვირვებია,
მამიკოს რა აცინებს
ვეღარ გამირკვევია.

მე ხომ ძალიან მინდა
დედა არ დაიღალოს
და ჩემი დახმარებით
ყოველთვის გაიხაროს.

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობასაც არ მიხდის
ასეთ დახმარებაში.

 

დედიკოს

ჩემო ლამაზო დედიკო,
ჩემო ტკბილო და კეთილო,
უფალმა დიდხანს გაცოცხლოს,
ცრემლი არასდროს გედინოს!

 

დედიკონა

თუ როდისმე გაწყენინე
ახლა ვითხოვ პატიებას.
შენ შვილს ცუდი საქციელი
ვიცი, არ მეპატიება.
დღე და ღამე მარიგებ და
მუდამ ჩემზე დარდიანობ.
მასწავლი , რომ „კარგი შვილი
დედის გულის ვარდიაო“
მსურს დავკრიფო ია- ვარდი,
სიყვარულით შევკრა კონა.
პირობას ვდებ: ვისწავლი და
გასახელებ დედიკონა.

 

დედი...

დედი, ჩემო საყვარელო,
კეთილო და ენამზე,
მშვენიერო, სანატრელო,
გლოცავ, ყველა ენაზე!

დედი, ჩემო ტკბილზე ტკბილო,
სხივნათელო, მზეთამზე,
დედოფალო, თბილზე თბილო,
საამაყო ყველაზე!

 

დედას!

დღეს დილიდან ფუსფუსია
ვემზადებით დედის დღისთვის,
დედიკოსთვის გამოვჭერი
ყვავილები და პეპლები!
ბარათებიც დავამზადეთ
შევუფუთეთ სიყვარულით,
მრავალ სამ მარტს დაესწარი
დედიკონა უფლის ძალით!
უპირობად მეყვარები
აგისრულებ ყველა ნატვრას,
ოღონდ ახლა გამიღიმე
ჩამეხუტე, დედა, მარად!

 

დედას!

წაქცეულიც ხომ აგიყვანივარ
თვალებცრემლიანს მეხვევი ნაზად,
შენი ძლიერი სიტყვა მაქეზებს
ყოველ ქარიშხალს ვუდგები მძაფრად!
შენ ხარ იმედი,
ხატი სიცოცხლის,
დედა მფარველი
შვილთა ზრახვისა!
ყოველი ცრემლი ნაზად
მომწმინდე,
ისევ მიმღერი ჩვეულ ნანინას,
დედაშვილობა ნაკლებად ითვლის
ყოველწლიურად წელთა მატებას!

 

დედას

გილოცავ, დედი! გილოცავ!
ვეღარ გაშორებ თვალს,
შენზე კარგი და ლამაზი
ქვეყნად არავინ მყავს!

ვარჩევ ათასგვარ საჩუქარს,
გაქვს დაბადების დღე.
შენ მე სიცოცხლე მაჩუქე,
მე რა გაჩუქო, დე?!.

 

დედას

დედას ვიტყვი და ივსება გული,
იგი ჩვენში ხომ მზესავით ბრწყინავს
და დედის სახელს ერთადერთს,სათნოს,
სულში უჩუმრად მალამოდ სძინავს.

დედა-სითბოა,დედა-სინათლე,
სასოება და სულ სხვა ფერება,
ისეთი ლექსი ჯერ არ შექმნილა
დედას რომ სრულად შეეფერება.

 

დედას

მინდა გაზაფხულს რომ შეგადარო,
ჩემი სიცოცხლე შენით დაიწყო,
გაზაფხულზე რომ ამოვა ია,
მინდა მოგართვა, თმები შეგიმკო.
დედა-შვილური გრძნობა სათუთი
გრძნობა ძლიერი თან უნაზესი,
რას შევადარო რომ მოვეფერო,
დედა, ტკბილი და უსაყვარლესი.
სიცოცხლის საწყისს, ღმერთი რომ გაძლევს,
შთამომავლობა შენით იზრდება,
და მომავალი თაობები ხომ
დედის კალთაში გამოიზრდება.
დედის დალოცვა, შვილებს დაიცავს
დედის ლოცვა ხომ უძლეველია,
დედა რომ ლოცავს, ღმერთი მფარველობს,
დედა შვილების საფარველია.

 

დედას

დედი, დედი, დედა
სულ მინდოდა მეთქვა:
ჩემი სიცოცხლე ხარ,
ჩემი გულის ფეთქვა!

 

დედას

ჩემო საყვარელო, ჩემო საფიცარო,
ჩემო მშვენიერო დედა,
სითბოთი მევსება გული და თვალები,
როცა გაღიმებულს გხედავ!

მინდა იყო მუდამ ამაყი, ძლიერი,
თვალებს არ უხდება სევდა,
კორდზე ამოსულა ლურჯთვალა იები,
სულ შენ დაგიკრეფავ, დედა!

 

დედას

ია-ია დაგიკრიფე,
ლურჯთვალა და კოპწია.
დედის დღე და გაზაფხული
ერთად მომილოცია.

 

დედა ყველა ფერია

- რა ფერია დედის გული?
- ფანტელივით ფითქინა.
- როგორია დედის მზერა?
- ვარსკვლავივით ციმციმა.

- რა ფერია დედა თავად?
- მზის სხივების ფერია,
ის ყველაზე ფერადია,
დედა ყველა ფერია!

 

დედა

ბევრი წერს ლექსებს დედაზე,
მაგრამ მე მინდა დაგხატო.
ჩემო ლამაზო დედიკო
ჩემი ხელებით გაგათბობ.

შენ ერთს დაგიკრეფ ენძელებს,
იებს, ვარდებს და გვირილებს
შენი ალერსით ვთბები და
შენი ღიმილით ვიძინებ.

 

დედა

- იცი ქვეყნად რა არის
თაფლზე უფრო ტკბილი?
- კოცნა და ჩახუტება
დედიკოს და შვილის.

- და თუ იცი წამალი
ყველაფერს რომ შველის?
- დედის კოცნა ნატკენზე,
ტირილით რომ ველით.

- ყველა შეკითხვის დასმას
სხვასთან თუ ვერ ვბედავთ,
პასუხს ვინ არ იზარებს?
- რა თქმა უნდა, დედა!!!

 

დედა

დედა ჰქვია დედაციხეს,
დედაქალაქს, დედამიწას,
დედაბოძს თუ დედაენას
დედის ძალა დედამ მისცა!
დედა უძღვის წინ ყველაფერს,
ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს...
რადგან ძალა დედამ მისცა,
დედა იცავს დედამიწას!

 

დედა

შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილია,
არ მიყვარს, როცა ვერ გხედავ,
შენი გულისტკენაც თითქოს ადვილია,
მინდა მომეფერო დედა.

დღედაღამ ფუსფუსებ, დღედაღამ მხარს მიჭერ,
როგორ არ იღლები ნეტა,
დარდსა და საფიქრალს ახლოს არ მაკარებ,
ჩემო საყვარელო დედა.

რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო მჭირდები,
სულ უფრო მეტად და მეტად,
შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილია,
მინდა დიდხანს მყავდე, დედა.

 

დე, დედიკო, დედა

შენ ხარ ჩემი სული, გული
სილამაზე, მზე და
უდიდესი სიყვარული
დე, დედიკო, დედა.

შენი რწმენით სავსე ლოცვის
მადლი სულ თან მდევს და
მაძლიერებს, სითბოდ მოდის
დე, დედიკო, დედა.

 

გაზაფხული

გაიღვიძა ციცქნა იამ, შეისწორა ბაფთა.
ენძელას კი ჩაუცვია თეთრი, ნაზი კაბა,
ყოჩივარდამ გადაისვა ვარდისფერი პუდრი,
სურნელებამ გააბრუა ,ნაზ პეპლების გუნდი...
გაპრანჭულან სათითაოდ,
დიდი ჟრიამული აქვთ,
გვირილებს ელოდებიან,
თითქოს სადღაც მიდიან.
აი მერცხალიც გამოჩნდა,
ნისკარტით აქვს ბარათი:
„დედის დღეა“ გილოცავთო,
გამალებით დაგვძახის.

 

ანდრია და დედამისი

- რა ხანია, დარეკა
მაღვიძარამ ანდრია!
- დედი, ცოტაც მაცალე,
ჯერ ხომ ძაან ადრეა!
ადე, ჩემო ვაჟკაცო,
გულში გენაცვალეო;
ხელ-პირი დაიბანე,
ისაუზმე მალეო!
ზურგჩანთაში წიგნები,
რვეულები ჩაგიდე;
ადე, შვილო, სკოლაში
დროზე უნდა წახვიდე!
- აწი, დედი, სკოლაში
აღარ დავიგვიანებ;
კარგადაც მოვიქცევი,
თავსაც დავიჭკვიანებ!

 

* * *

დედა ზღაპარს რომ მიყვება,
იცით როგორ მიყვრს?
დათვი, მგელი, ტურა, მელა,
არ მტრობს ირემს, ჟირაფს.

ზღაპრებში სულ სიკეთეა,
ერთმანეთი უყვართ,
ჰოდა როგორც იქ ცხოვრობენ,
აქაც ასე მსურდა.

თაგუნია არ გარბოდეს,
კატის დანახვაზე,
არც კურდღელი კანკალებდეს,
მგელის მაღალ ხმაზე.

და ირემსაც მონადირის,
სულ არ ჰქონდეს შიში,
რა იქნება ბოროტების,
გაქრეს ვაი-ვიში.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *