რა არის აგრესია?
სიტყვა აგრესია ლათინური სიტყვიდან agressio წარმოიშვა, რომელიც თავდასხმას ნიშნავს.
დღევანდელ რეალობაში აგრესია განიხილება, როგორც ქცევის ფორმა (რისხვა, ბრაზი), რომელიც აზიანებს ადამიანს, ცხოველსა თუ ნივთს.
აგრესია ემოციის გამოხატვაა, ემოცია კი ჩვენგან დამოუკიდებლად ჩნდება. არ შეიძლება ემოციის ჩახშობა, აკრძალვა, თუნდაც ეს რისხვის გამოხატვა იყოს.
ყველაზე ხშირად, ბავშვი აგრესიული იმ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ხდება, რომელსაც ვერ უმკლავდება.
მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის ყოველი ნეგატიური ქმედება (კაპრიზი, ცრემლები, ჩხუბი და ა.შ.) სიგნალია, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არაა.
აგრესიის მიზეზები
აგრესიის გამოვლენის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მშობლის არასაკმარისი ყურადღებაა. აგრესიული ქმედებით ბავშვები სწორედ ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. მიზეზი შესაძლოა ზედმეტად მკაცრი მშობლებიც გახდნენ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ბავშვს საკუთარი ძალაუფლება მოახვიონ თავს, ჩაახშონ მისი მცდელობები იყოს დამოუკიდებელი. აგრესიას იწვევს მშობლების გადაჭარბებული ყურადღებაც, ბავშვის ზედმეტად განებივრება. ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვი ყოველ აკრძალვას ან მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას აგრესიით უპასუხებს. აგრესიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი საკუთარი თავით უკმაყოფილებაა. ბავშვისთვის (და არამარტო ბავშვისთვის) მნიშვნელოვანია, რომ ის უპირობოდ უყვარდეთ, ამით იგი საკუთარი თავის სიყვარულს სწავლობს. თუ ბავშვს არ ეყვარება საკუთარი თავი, ის ვერ შეძლებს სხვის სიყვარულსაც, ამ შემთხვევაში კი აგრესიული გამოხტომები სავსებით ლოგიკური იქნება. მნიშვნელოვანია ოჯახური ურთიერთობების მოდელი: თუ ოჯახის წევრები ერთმენეთს აგრესიულად ეპყრობიან გასაკვირი აღარ იქნება ბავშვის აგრესიული ქცევაც.
უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები აგრესიას იმ დღეებში ავლენენ, როდესაც ვერ გამოიძინეს, ეწყინათ რაიმე, ან გაბრაზდნენ, ასევე ბავშვებზე მოქმედებს ხმაური, ვიბრაცია, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, სივიწროვე..როგორ დავძლიოთ აგრესია
მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვის აგრესიული იმპულსების კონტროლში. რა თქმა უნდა, ეს რჩევები არ არის „რეცეპტი“. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და საფუძვლიან დაკვირვებას საჭიროებს. მაშ ასე, დავიწყოთ: პირველ რიგში, აუცილებელია მშობლების უპირობო სიყვარული ნებისმიერ სიტუაციაში. არ გამოვიყენოთ შემდეგი ფრაზა: „თუ კარგად არ მოიქცევი, მაშინ დედას და მამას აღარ ეყვარები“. არ უნდა შეურაცხვყოთ ბავშვი. თუ მისი დასჯა გადავწყვიტეთ, კონკრეტული ქმედებით (მაგ., იგნორირება რამოდენიმე წუთი) უნდა დავსაჯოთ და არა შეურაცხმყოფელი სიტყვებით ან მუქარით. თუ მშობლებს სურთ ებრძოლონ ბავშვის აგრესიას, თავდაპირველად, თავადვე უნდა ისწავლონ აგრესიული იმპულსების კონტროლი. არ ჩაახშოთ ბავშვის აგრესიული გამოვლინებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. ასწავლეთ მას ნეგატიური ემოციების სოციალურად სასარგებლო აქტივობებში გამოყენება, მაგ., ხატვა, ემოციების გადატანა ნახატზე, ავარჯიშეთ მეტყველებაში, რათა სიტყვებით შეძლოს საკუთარი ემოციების გამოხატვა, ეს ბავშვისთვის იქნება მესიჯი, რომ შესაძლებელია ნეგატიურ ემოციებზე საუბარი და აგრესია ერთადერთი გამოსავალი არაა. თუ ბავშვი აღგზნებულია, ყვირის, მუშტებს გირტყამთ, ჩაეხუტეთ მას, შესაძლოა პირველი წუთები მძიმე იყოს, თუმცა შედეგს აუცილებლად მიიღებთ, ნელ-ნელა კი შეამჩნევთ როგორ დამშვიდდება. დროთა განმავლობაში სულ უფრო ნაკლები დრო დასჭირდება მის დაწყნარებას. მას შემდეგ, რაც დამშვიდდება, ესაუბრეთ გრძნობებზე, არ განსაჯოთ იგი, უბრალოდ მოუსმინეთ, აგრძნობინეთ რომ მისი გესმით და თანაუგრძნობთ. ბავშვი აგრესიული რომ არ გაიზარდოს პატარა ასაკიდანვე დააფასეთ მისი პიროვნება, გაითვალისწინეთ მისი აზრები, სერიოზულად მიუდექით მის ყოველ იდეას. მიეცით თავისუფლება, დამოუკიდებლობა არჩევანში, ამით მას პასუხისმგებლობის გრძნობას განუვითარებთ. ხშირად გაუმეორეთ, რომ როდესაც დასჭირდებით, აუცილებლად მის გვერდით იქნებით. აუხსენით ბავშვს აგრესიის საბოლოო ნაკლებეფექტური შედეგი, თუ ის მიაღწევს თავისას კონკრეტულ მომენტში (ბავშვს წაართვა სათამაშო) მშვიდი ტონით განუმარტეთ, რომ შემდგომში არავინ აღარ მოინდომებს მასთან თამაშს და მარტო დარჩება, რაც ძალიან არამიმზიდველი იქნება ბავშვისთვის. უნდა განვიხილოთ ნეგატიური ემოციების გადატანის სხვადასხვა მეთოდი, მაგ., სპორტზე სიარული, სხვადასხვა თამაშებში მონაწილეობის მიღება. სტრესის მოხსნის ეფექტური მეთოდია „გაბრაზების ბალიში“, როდესაც ბავშვი გაბრაზებულია დართეთ ნება რომ ბალიშს ურტყას.
რა არის „გაბრაზების ბალიში“ ?
გაბრაზების ბალიში ეს არ არის ჩვეულებრივი ბალიში. მას ეფექტურად იყენებენ აგრესიის დათრგუნვის პროცესში. ბალიშს მშობელი და ბავშვი ერთობლივად ირჩევს, ინსტრუქცია კი შემდეგია. როდესაც ბავშვს შეატყობთ აგრესიული იმპულსების შემოტევას, შეახსენეთ გაბრაზების ბალიშის არსებობა. მიეცით ნებართვა თამამად ურტყას მას. ამით ის, ნაწილობრივ მოახერხებს განიტვირთვას უარყოფითი ემოციებისიგან.
ძალიან მნიშვნელოვანია, საზღვრების დაწესება. აუცილებელია ეს საზღვრები, აკრძალვები, წესები იყოს კონკრეტული და სტაბილური.
არაეფექტურია ერთსა და იმავე საქციელზე სხვადასხვანაირი რეაგირება.
და ბოლოს, ბავშვები თავისი ქცევით, თითქმის ყოველთვის, ირიბ მინიშნებებს გვაძლევენ როდის და როგორი დახმარება ესაჭიროებათ.
ასე რომ, დააკვირდით და მოუსმინეთ მათ!
წყარო: https://kids.ge/