საბავშვო ლექსები

საბავშვო ლექსები სამშობლოზე

საბავშვო ლექსები სამშობლოზე

საბავშვო ლექსები სამშობლოზე

ლექსები საქართველოზე – ლექსები სამშობლოზე – ლექსები მამულზე – საბავშვო ლექსები


მარტივი საბავშვო ლექსები

საბავშვო ლექსები სამშობლოზე

ლექსი სამშობლოს სიყვარული

ანა ანბანს სწავლობს

არა გახარებთ განაო?-
ანბანს სწავლობს ანაო.
სხაპასხუპით რაკრაკებს
„იას“, „აი იასო,“
წიგნს კითხულობს გოგონა
ლამაზფურცლებიანსო.
სიხარულით ისწავლა
მშობლიური ანბანი,
ყველას უნდა ვუამბო
მისი გარჯის ამბავი,
თუ როგორ გაიხარა,
თუ როგორ გაიხარა,
სიტყვები რომ ისწავლა
მან მძივებად ასხმული:
„დედაენა,“ „სამშობლო,“
„საქართველო,“ „მამული.“

ნესტან კუპრავა

 

ანა-ბანა, ანა-ბანა

ანა-ბანა, ანა-ბანა,
სიხარულმა ამიტანა, -
ჩემი ქვეყნის სიყვარულმა
სადღა აღარ წამიყვანა.

მთაში ჩანჩქერები ვნახე,
ბარში ია-ვარდის ყანა -
ეს პატარა საქართველო
რა ყოფილა ამისთანა!

მორის ფოცხიშვილი

 

არ შეგვეშნდეს დიდი დაღმართის

ლოცვის იმედით გულანთებულნი
იმედს არ ვკარგავთ, ძაძები გვეყო!
მუხლდაჩოქილი უფლის ხატის წინ
ჩემთვის ვჩურჩულებ „მამაო ჩვენოს“.

უფალო, შეგთხოვ, გაგვაძლიერე,
წმინდა ქალწულო, ისმინე ჩვენი!
გაერთიანდი ამერ-იმერო,
რომ ქართველობდეს ქართველი ერი!

ჩვენ უფლის გზაზე უნდა ვიაროთ,
მზე სიცოცხლისა ლოცვით ამოდის,
არ შეგვეშინდეს დიდი დაღმართის,
სანამ ვქართველობთ, უფლის წყალობით!

ნანა სამხარაძე

 

არქეოლოგები

არქეოლოგნი გვეწვივნენ,
სწავლულნი უცხო მხრისაო;
გასინჯეს ძველი, ახალი
სიმდიდრე ქართველისაო.

გასინჯეს ძველი საყდრები,
მცხეთის და გელათისაო;
განძები ნახეს მრავალი:
ოქრო-ვერცხლის და ქვისაო.

ზედ ნახეს ხელოვნებანი,
საკვირვლად დარჩათ ისაო;
სთქვეს, რომ საქები ყოფილა,
ხელობა ქართველისაო!

საქართველოა წალკოტი,
ბულბულთ სასტვენი ბინაო;
ხალხიც სტუმრისა მოყვარე,
ყველას მიიღებს შინაო.

ასე მდიდარი ქვეყანა
ვფიქრობთ, რამ წაახდინაო;
ახლა თუმც სუსტობს, მაგრამ კი
სიკეთე უძღვის წინაო.

იოსებ დავითაშვილი

 

გაზაფხული

ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?

ილია ჭავჭავაძე

 

გორი

გორო, ქართლის შუაგულო
მეთაურო ქართლისაო,
ადრე ღირსად წამებულო,
დღესაც მთქმელო მართლისაო!

ძირს გორის-ჯვარი დაგყურებს,
მაღლით თვალი უფლისაო,
ერთგულო და საიმედო
წილხვედრის ღვთისმშობლისაო!

ძველად მისთვის სისხლის მღვრელო.
დღეს ცრემლის და ოფლისაო;
ტყვის დამხსნელად მონამზადო,
საიმედოვ ობლისაო!

გამხნევდი, გაგვილომგულდი,
მუხლი მოიბი მგლისაო,
გაჰკაფე, გადაიარე
გრძელი გზა მომავლისაო.

დასთესე თესლი კეთილი,
შესარგო მამულისაო,
და ნახავ ნამგლის ტრიალსა
“ჰოპუნით” მომკელისაო.

აკაკი წერეთელი

 

დედა თბილისი

გაგა ძლიერ მოხიბლა,
ჩვენი დედა თბილისმა,
მისთვის იქცა იმ დღიდან,
თითქოს სულის თილისმად.

ეს მაღალი სახლები,
სოფლად არსად ენახა,
როგორ ხტოდა, ცმუკავდა,
ერთი უნდა გენახათ.

უამრავი მანქანა,
უთვალავი ნათურა,
გვერდით მამა მიჰყვება,
და დაიკო ხათუნა.

კინო თეატრები და,
სასეირნო პარკები,
დახლართული ქუჩები,
აქ ხომ დაიკარგები?

აჰა ძველი თბილისი,
კლდეს დაკიდულ აივნით,
არ იღლები ცქერითა,
და სულ ფეხით დაივლი.

აქ სამების ტაძარი,
ვარსკვლავივით კიაფობს,
მტკვარი წყნარად დუდუნებს,
ისტორიას გვიამბობს.

იქ სიონი, ქაშუეთი,
ტაძრებს ვეღარ დაითვლი,
მთაწმინდიდან დაჰყურებს,
თბილისს მამადავითი.

ზოოპარკი, სკვერები,
ვაკის პარკი, „ბომბორა“,
ასკინკილით დახტიან,
ბიჭუნა და გოგონა.

აბანო და მეტეხი,
მეტრო,ავტობუსები,
მრავალფრად ბრდღვიალებენ,
მაღაზიის შუშები.

ოპერაშიც კი იყო,
მოისმინა „დაისი“
რუსთაველზე სეირნობს,
ირგვლივ სუფევს ხალისი.

ძლიერ, ძლიერ მოხიბლა,
გაგა დედა თბილისმა,
და ქალაქი იმ დღიდან,
ექცა სულის თილისმად.

მანანა ტონია

 

დედა

დედა ჰქვია დედაციხეს,
დედაქალაქს, დედამიწას,
დედაბოძს თუ დედაენას
დედის ძალა დედამ მისცა!
დედა უძღვის წინ ყველაფერს,
ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს...
რადგან ძალა დედამ მისცა,
დედა იცავს დედამიწას!

გიორგი წერეთელი

 

ენა ქართული

ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა!

მუხრან მაჭავარიანი

 

ენა, მამული, სარწმუნოება

ღვთისმშობლის წილხვედრო,
ნატანჯო საქართველო!
ჭირ-ვარამგამოვლილო,
წუხილის დამფარველო!
რამდენჯერ გეტკინა...
ვისგან არ გეწყინა,
მუდამ თავს იცავდი,
რომ გადაგრჩინა:
ჯერ ენა ქართული...
9აპრილს მამული...და
მართლმადიდებლობა
ჩვენს გენში ჩართული!
დავიცვათ სამივე,
ეს ჩვენი ვალია,
ბრძოლა კვლავ გრძელდება,
ბოროტმა აგვრია.
ნუ მიგვატოვებ, უფალო იესო!
რაც ხდება გარშემო, ცოდვების ბრალია...
ლოცვით შეგვეწიე, მოგვეცი გაძლება,
დედაო მარიამ, დედაო მარიამ!

მარი დიერა

 

ვარძია

ჯერ ხომ მარტო ვარძია,
ჩვენი დიდი განძია.
აქ, რომ მზის დარბაზია,
ისეთი ლამაზია,
თითქოს ქვაში ვაზია...
თამარ მეფის ვარძია,
საქართველოს განძია!

ელიზბარ გაბუნია

 

თორნიკე ერისთავი

ისტორიული პოემა (ფრაგმენტი)

ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
და ან ცაზე ვარსკვლავები?
ვინ შეამკოს ღირსეულად
ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?
ვინ მოგვითხრას მათი საქმე
უთვალავი, საგმირონი,
და ან მათზე გადმოსული
მადლი ღვთისა და მირონი?
ნაშთი ძველი დიდებისა
არ გამქრალა ჯერაც ყველა...
დღესაც მისის შარავანდით
ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა!..
შვიდ სამთავროს მოგვაგონებს
მოელვარე ის შვიდფერი
და გვამღერებს: „არ მომკვდარა,
გაიღვიძებს ისევ ერი!“
ამ იმედით ფრთა შესხმული
ჩვენი გული სიამით ძგერს
და ოცნებაც ლაჟვარდ-ფერად
წარმოგვიდგენს ქართლისა ერს.
წარსულ-ნერგზედ ახალ-ნამყნის
ველოდებით შეხორცებას!
მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს
და ვეძლევით აღტაცებას.

აკაკი წერეთელი

 

თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, -
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.

რომ ვდგევარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე საქართველოს?

რომ ვდგევარ ახლა თბილისის კართან,
თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო.

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, -
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.

ლადო ასათიანი

 

იის ნატვრა

- რას ინატრებ, იავ, რასა?
- წვიმის ხმასა წკრიალასა.
მუდამ ასე ვამშვენებდე
საქართველოს იალაღსა.

გივი ჭიჭინაძე

 

კრწანისის ყაყაჩოები

სამასი არაგველის ხსოვნას

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?!
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

ლადო ასათიანი

 

ლოცვა

ქართველი კაცის ჭურ-მარანო,
ჩემი საქართველოს ბაღ-ვენახო.
მუდამ სალხინობლად დაწურული,
მუდამ მსხმოიარე დამენახო.

მუდამ ღიღინებდეს გუთნისდედა,
როცა გაზაფხულზე გაჰყავს ხნული.
დაუფასებელი არ მენახოს
გლეხის დაკოჟრილი ხელის გული.

სოფლად არ მენახოს ნასახლარი,
აყვავებული რომ იყო ოდეს....
ბავშვის სიცილი და ჟრიამული
სუყველა სახლიდან მოისმოდეს.

კაცი არ მენახოს ხელ გაწვდილი,
დამცირებული და დარცხვენილი.
დედა არ მენახოს შაოსანი,
ბედნის ანაბარა დარჩენილი.

ოჯახი სიყვარულით შექმნილიყოს,
ფუძე დაჰყოლოდეს მადლიანი.
უდედოდ დარჩენილი პატარების
თვალები არ მენახოს დარდიანი.

ჩემი ეკლესისს ქონგურები
არასდროს მენახოს ჩამოშლილი.
სამშობლოს საზღვრები არ მენახოს
გაპარტახებული და მოშლილი.

გულში იმედები ჩავისახოთ.
მრავალი ტკივილი გადავლახეთ.
ღმერთო დაჩოქილი გევედრები
ასეთი სამშობლო დამანახე.

ხათუნა გულიაშვილი

 

მაშ ავენთოთ სანთელივით

განა მართლა დაიკარგა
ის ღვთიური სული?
ქართველს ვერვინ მოერევა
რომც უგინონ რჯული!

სიყვარულის ამ ზვირთებში
დიდი მადლი სუფევს,
მაშ ავენთოთ სანთელივით,
ტაძრის ყველა კუთხეს!

სიკეთის და ძმობის ნერგვას
ჩვენ გასწავლით ულევს,
საქართველოს სიყვარულში,
ჩვენ აგინთებთ გულებს!

ნანა სამხარაძე

 

მე პატარა ქართველი ვარ

მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი!
ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამგრელო -
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.
ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთის-მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი:
ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის;
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის!..
მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..

დუტუ მეგრელი

 

მე ქართველი ვარ

მე ქართველი ვარ! - გული აძგერდა,
სამყაროს გასცდა ძახილი მისი,
მე ქართველი ვარ და არ მჭირდება,
სიტყვა, მიწა თუ სამშობლო სხვისი!

მე ქართველი ვარ,შორით ბანს მაძლევს
კავკასიონის მაღალი მთები,
ამ საოცარი მშვენიერებით
ყოველდღიურად ვთვრები და ვტკბები.

სიყვარულია ჩემი სამშობლოს,
სამოთხის ბაღის დარი მშვენება,
სულ მინდა გულში ჩავიკრა ფრთხილად,
არ მომწყინდება მისი ფერება.

მე მდიდარი ვარ და არ მაკლია
ამაყი გული, რწმენა, ღირსება,
ამ ლამაზი ცის,მიწის შემყურეს
სულ მემღერება, სულ მეცინება.

არ დავივიწყოთ ფესვები ჩვენი,
სიდან მოვდივართ,საით მივდივართ,
ვინ იყო ჩვენი სისხლი და ხორცი,
ვისი გორის ვართ, ვისი ჯიშის ვართ.

ჩვენ ქართულ გულში, ქართული სისხლით,
ძგერს ცოტნეს გული, დავითის გული,
გული მებრძოლი და მომავლისთვის
ბევრჯერ დაჭრილი და დადაგული.

ავახმიანოთ, ცას მივაწვდინოთ,
ხმა სიყვარულის და განთიადის,
ჩვენი სამშობლოს გამარჯვების ხმა,
რომ კვლავ აღვსდექით, კვლავ გავმთლიანდით.

ნიკოფსიიდან დარუბანდამდე,
ვხედავ, ჩემს მამულს,ისევ აყვავდა,
ვხედავ, ქართველთა ჯარი უძლევი,
რომ შეიკრიბა მცხეთას, არაგვთან.

ეს გამარჯვების სიმღერა ისმის,
გაგვიზაფხულდა,ისევ დაგვითბა,
ჩემო მამულო, შენ გაიმარჯვე,
დიდი ხნის ნატვრა ქართველთ აგვიხდა.

ფატმან ბოჭორიშვილი

 

მე ყველაფერს მირჩევნია

აპრილს უყვარს ია ლურჯი,
მაისს - წვიმა წანწკარა,
კლდეს მდინარის შეძახილი,
ჯეჯილს წყარო ანკარა,
ჭალას სტვენა ბულბულისა
ტყის შრიალში ჩართული,
მე ყველაფერს მირჩევნია
ჩემი ტკბილი ქართული!

ხუტა ბერულავა

 

მერე რაა, რომ საქართველოა

მერე რაა, რომ საქართველოა
და კიდევ არსად - სხვა საქართველო? -
სიავე იქცა აქაც ხელობად,
ლამის ერთურთი აქაც გათქერონ!..

როგორ მოხშირდა უცხო ნადური,
როგორ სანსალებს ენა სხვათანი!..
ჩვენ კი მრისხანედ მუშტშემართულნი,
სხვა საქართველო, - ვყვირით,
სად არი?!

მერე რაა, რომ საქართველოა? -
აკი იქედნე დაძრწის ბაღნარშიც?!
იყავი თუნდაც დავით მეოთხე, -
საშველს არ მოგცემს ლანდი ბაღვაშის...

გაუტანლობის შავი ლაქები,
სავარდოში რომ ჯაგნარს შემოშლის, -
სწორედ ეს არის სხვა საქართველო
აქვე, სრულიად საქართველოში!..

შაჰსაც წამოსცდა ერთი სიმართლე,
მიხვდა ქართლისთვის კუბოს გამთლელი:
ვერარა მტერი ვერ ძლევსო ქართველს,
რომ არ მტრობდესო თვითონ ქართველი!..

მერე რაა, რომ საქართველოა -
დიდგორის გმირი და ნადიმარი? -
გაივლის დრო და ჩაისახება
ყორღანაშვილი და შადიმანი!..

ახლაც მკერდს მინგრევს
ბოღმა იმ დღისა,
ახლაც სირცხვილით მიხურს
ყვრიმალი:
ზედ ბაზალეთთან ძმათა სისხლის ღვრას
აკი მიაძღნენ სვავნი მყივარნი?!

მერე რაა, რომ საქართველოა,
მხარე თავდგმული შოთას წინითა? -
ციხეს ვერ ნახავ, - იმერ-ამერში,
არ გაეტეხოს თვისტომს შიგნიდან...

მერე რაა, რომ საქართველოა, -
გაიშლი გზისპირს სუფრას ნელიად
და უცებ ჩრდილი თავს წაგადგება,
აიხედავ და... კუჭატნელია!..

მერე რაა, რომ საქართველოა? -
სისხლის ცრემლი სწვავს ყელში გაჩრილი! -
ჩაგისაფრდება სადღაც სიგლახე,
ვით წიწამურთან - ბერბიჭაშვილი!..

... რა გამოლევსო, თქმულა,
მჯობთა მჯობს,
ის მჯობთა მჯობიც გამოლეულა!..
მერე რაა, რომ საქართველოა! -
ბედმა უკუღმა გაიმარტვილა...
სულ რომ არ იყოს, ალბათ
სიკვდილსაც
იწვევდა კაცი უფრო ადვილად!..

მაგრამ არის და, სწორედ ამიტომ
თავს ახვევია ყორანთ გუნდები...
საქართველოში მთელი სიცოცხლე
საქართველოსთვის ბრძოლას ვუნდებით!..

ოთარ შალამბერიძე

 

მესმის, მესმის სანატრელი

მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვლად მონობისა.

აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში...
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში!

ილია ჭავჭავაძე

 

მრავალჟამიერ, ენავ, ქართულო...

ხოტბა შევასხათ მშობლიურ ენას,
გვიყვარდეს, როგორც მშობელი - დედა,
მრავალჟალიერ, ენავ ქართულო,
მრავალჟამიერ, დიდება შენდა!

ნათია აბულაძე

 

 


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *