საბავშვო ლექსები

საბავშვო ლექსები მასწავლებელზე

საბავშვო ლექსები მასწავლებელზე

საბავშვო ლექსები მასწავლებელზე. ჩვენს ქვეყანაში რა იქნებოდა ქართული ლექსი მასწავლებლის სიყვარული, ზრუნვა და თავდადება რომ არ დაეფასებინა…

საბავშვო ლექსები დედაზე

ჩვენ გთავაზობთ საბავშვო ლექსებს მასწავლებლებზე


იოსებ ნონეშვილი – მასწავლებელი

მასწავლებელი – მშობლის ალერსით

ამოქარგული ტკბილი ანბანი,

მასწავლებელი – ნორჩის თვალებში

ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.


მასწავლებელი – ჩვენს სიყვარულში

განათებული, როგორც ოცნება,

მასწავლებელი – სინდის-ნამუსი,

მხოლოდ ხალასი პატიოსნება.


მასწავლებელი – დედის გულივით

მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი.

მასწავლებელი – ბავშვის სურვილი:

მასწავლებელი გავხდე ნეტავი.


მასწავლებელი – გულისხმიერი,

ვთვლიდით აღმზრდელად, ვთვლიდით მეგობრად.

მასწავლებელი – მასზე ძლიერი,

მასზე სწავლული არვინ გვეგონა.


მასწავლებელი – ამ ქვეყანაზე

სიტყვით ქებული, საქმით ქებული.

მასწავლებელი – დედაენაზე,

მშობელ ენაზე შეყვარებული.


მასწავლებელი – სიტყვა ფრთიანი,

მუდამ მამულზე ფიქრით გართული,

მასწავლებელი – მართლაც ტრფიალი,

რაც კი კარგია, რაც კი ქართული.


მასწავლებელი – ღამე უძილო,

ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.

მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო,

მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.


მასწავლებელი – რამ დაგვავიწყოს,

ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა.

ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო,

მასწავლებელი არა ჰყოლოდა.


ბევრი სარდალი, ითქვას მართალი,

იბრძოდა მტკიცედ და გულგოროზად,

მაგრამ სად იყო ქვეყნად სარდალი,

მასწავლებელი არა ჰყოლოდა.


ზოგმა სიცოცხლის შუქი მოგვფინა,

კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა,

ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა,

მასწავლებელი არა ჰყოლოდა.


მასწავლებელი – გულს ჩახატული,

დიდი ფიქრები, დიდი სურვილი.

მასწავლებელი – მზე, გაზაფხული,

მთები, ყანები, ოქროცურვილი.


მასწავლებელი – ცოდნის ნათელით

უსწავლელობის დამმარცხებელი…

აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,

აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.


მასწავლებელი – ღამე უძილო,

ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.

მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო,

მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.

ვაჟა-ფშაველა – მასწავლებელს

მადლობას გიძღვნი, მუშაკო,

ამის გამო ვსთქვი ლექსია.

მასწავლებელის ბედზედა 

მრავალჯერ დამიკვნესია.

ღმერთმა გიკურთხოს მარჯვენა,

თესლი კეთილი სთესია! 

თანამოძმენიც გიცოცხლოს, 

ვინაც გიდგანან გვერდშია!

რა ვუყოთ, მასწავლებელი 

დღეს არა ფასობს ჩვენშია!

თუმცა ხსნა ჩვენის ერისა 

მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია.

სული გასუქდეს ბევრით სჯობს, 

ვიდრე გასუქდეს ლეშია!

მორის ფოცხიშვილი – მასწავლებელი მოდის

მოდის საქართველო ამაყი, ბრძენი

რწმენის ცისარტყელა ჩანგივით ჟღერს.

თოვლივით თეთრი, ნათელი, წრფელი

მასწავლებელი წინამძღვრობს ერს.

თენდება დილა საიადონო,

ბოლო ეღება ლოდინს.

ქუდი მოიხადეთ, ბატონო ჩემო,

მასწავლებელი მოდის!..

ფრიდონ ხალვაში – გმადლობთ, მასწავლებელო!

შენ რომ წერა მასწავლე,

შენ რომ კითხვა მასწავლე,

ბედისწერა იმით სულ

ვამთელე და ვამძლავრე.


შენ რომ წიგნი მასწავლე,

შენ რომ სიბრძნე მასწავლე,

არავითარ სხვა განძში

იგი მე არ გავცვალე.


გენდობოდი, გისმენდი,

ჭკვიანსა და მიხვედრილს,

მშობელს თუ ვერ ვეტყოდი,

იმას შენ გაგიმხელდი.


შენ მირჩიე, ვეძებო,

შენ მითხარი, შეძლებო…

ახლაც მინდა მეფერო,

ჩემო მასწავლებელო!


ყველგან მხვდები ყოველდღე,

შენ მიმიკვლევ შორეთებს,

შენ მაკაცებ, მაღმერთებ,

მასაქმებ, მაპოეტებ.


ჟამთა აღმართ-დაღმართზე

ხოხავს ჩემი ურემიც,

ფიქრით, ცრემლით, სიმღერით

მამულს ვემსახურები.


და თუ ოდნავ კარგი ვარ,

თუ უკეთესს შევიძლებ,

ჩემი დღის ფერებიდან

მეფერება შენი მზეც.


ეს ცხოვრება მკაცრია,

სად არ გითხრის ორმოებს,

უსწავლელი გასწავლის

ყბედნი უკეთ ცხოვრობენ.


შენი ასე ლამაზი

შრომა და სიმყუდროვე,

არ ყოფილა არასდროს

მოჩალიჩე, მედროვე.


შენ რწმენით, წმინდანივით

გაჭირვების მზიდავი,

ხშირად თუმცა ღარიბი

ხარ ყველაზე მდიდარი.


შენ ხარ მასწავლებელი,

შენსას არა, არ დათმობ,

ზოგჯერ გული თუ გეწვის,

დაე, გული იწვოდეს, –

გულმა უნდა ანათოს.


იყავ მუდამ ალალი

ღიმილით თუ ტკივილით,

იყავ მუდამ მართალი

პირველ გაკვეთილივით.


გულიანად ბოლომდის

ცოდნის სახლი ააგე,

ქართულ სიტყვის ოქროთი

კვლავაც მომამარაგე.


დღემაღალო, დღეგრძელო,

ყველგან ჩემო მხლებელო,

ამ მადლიან მადლისთვის

გმადლობთ, მასწავლებელო!

ალექსანდრე ბეგაშვილი – მასწავლებელი

უნდა გავშალოთ ფრთა ვით არწივმა,

გვერქვას მამულის რკინის კედელი,

სამშობლოსათვის თავის გაწირვა, –

აი, რას ამბობს მასწავლებელი!


ცდილობს გულმედგრად სულ წინ მივყავდეთ,

შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი,

დედა გვიყვარდეს, მამა გვიყვარდეს,

აი, რას ამბობს მასწავლებელი!


არ მოვუტანოთ მოყვასს ზიანი,

არ გავახაროთ მტერი მძებნელი,

ზრდილნი,

ქველნი და თავაზიანნი

ვიყვნეთ –

გვასწავლის მასწავლებელი!


შოთას სახელი არ იბინდება,

სულის და გულის გამხარებელი,

ის ჩვენი მზეა,

ჩვენი დიდება –

აი, რას ამბობს მასწავლებელი!


ქართველის სულში დიდი ილია –

მარადჟამ გულით სატარებელი –

ოქროს ძაფებით ჩაქსოვილია,

აი, რას ამბობს მასწავლებელი!


აკაკის სიტყვა გულს ჩაგვწვდენია,

მტრის გულში ისრის გამტარებელი,

კურთხეულ იყოს ვაჟას გენია –

აი, რას ამბობს მასწავლებელი!


არ გასცვლის შვილი საკუთარ მშობელს,

სინდის-ნამუსის გამტარებელი,

დედაენის და სამშობლოს მგმობელს

ვრისხავდეთ! –

ამბობს მასწავლებელი.


მიტომაც გულში გადაგვენასკვა,

სულ რომ გვასწავლის,

გვირჩევს,

გვახარებს.

ვით მშობელ დედას,

დედაენასაც

მასწავლებელი ისე გვაყვარებს!


მიტომაც გვიყვარს ასე ძალიან,

კვლავაც ბავშვივით გვინდა ვეფეროთ.

თმაში ჭაღარა შემოგვპარვია

და მაინც ვამბობთ:

მასწავლებელო!


უნდა გავშალოთ ფრთა, ვით არწივმა,

გვერქვას მამულის რკინის კედელი,

სამშობლოსათვის თავის გაწირვა! –

აი, რას ამბობს მასწავლებელი!


ცდილობს გულმედგრად სულ წინ მივყავდეთ,

შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი.

დედა გვიყვარდეს,

მამა გვიყვარდეს, –

ამას გვასწავლის მასწავლებელი!

მარიამ წიკლაური – მასწავლებელს

იის სურნელით დაფერილ წიგნში

შენ დამიკრიფე პირველი ია.

მასწავლებელო, შენ ისე კარგი, 

ისე ლამაზი სახელი გქვია!


ხარ “დედაენით” მახარებელი,

ჩვენც გვაზიარებ ქართულის სიბრძნეს.

შენი მადლის და გარჯის წყალობით

გზას ცხოვრებაში სიკეთით ვიგნებთ.


სულს და გონებას რომ გვიმზიანებ

და სიყვარულით გვავსებ პატარებს,

ყველა ბავშვს ისე ესათუთები, 

თითქოს შოთას და ვაჟას ადარებ.


ყურს უგდებ მათი სულის მოძახილს –

იქნებ, ილია ზის მერხთან ისევ?

გჯერა, რომ მხოლოდ ცოდნის სიმართლე,

გამოაბრწყინებს სამშობლოს მზისებრ.


ჩვენს გამოყვანილ “აი ია”-ში

კითხულობ ქვეყნის მომავალ სვე-ბედს,

გსურს, რომ პატარებს ცოდნის სინათლე

ანგელოსივით მფარველად სდევდეს.

აკაკი წერეთელი – პედაგოგებს

მეხრე-ტეტია – მიხაკა

და ღვიტიკელა გოგია,

ვინც ქართულს დაამახინჯებს

სუყველა პედაგოგია.


“კორფი” და “ვოდოლოზოვი”

“უშინსკიც” შეუსწავლიათ:

“პესტალოც-დისტერვეგები”

არშიად გარეთ ავლიათ.


მხოლოდ მას იმეორებენ

რაც სხვისგან გაუგონიათ,

სურამში დაბადებული

ნოვგოროდელი ჰგონიათ.


მათთვის არც გვარი, არც ტომი,

არც სხვანაირი ბუნება!..

სამაიმუნო გამხდარა

მათი ჭკუა და გონება.


აი, ხომ ხედავთ ამ ბატონს,

რომ ჰგმობდა ჩვენსა სკოლასა

და მითი გულს უკეთებდა

მთა-გადაღმიელ მოლასა?


ცხადად აქ იყო, ჩუმად – იქ

მტრისა და მოყვრის მსახური,

ჩაიბისმარკა: არ დასწვა

არც მწვადი და არც შამფური.


მას თურმე პედაგოგობა

დაჰქონდა გასაყიდადა,

და ჩვენი ახალგაზრდობა

დაიდვა გზად და ხიდადა.


და რაც უნდოდა იშოვნა…

აუხდა გულის წადილი!..

დღეს ეძებს მარტო მეგობრებს

მზადა აქვს მათთვის სადილი.


იცის, რომ კუჭი მაძღარი

ადვილი მოსაგებია!..

მოიხიბლება: ცუდს აქებს

და დაჰგმობს რაც საქებია!..


იცის და მიტომ პატიჟობს

დიდს და პატარას ყველასა…

მაგრამ ვის? ინტელიგენტსა

ფუჭსა და ღორმუცელასა.


იოლად წავა მათითაც…

ბრმა და ყრუ არის სოფელი:

მოყვარე მტერი ჰგონია

და მტერი – შემამკობელი.


აი, ამასთან მეორეც

მოდის და მოიფხორება…

ვითომ ვერ იცნობს მოლასა

ჩუმად კი ეამბორება.


ეტყობა პედაგოგიის

ჯერ მაგას არა სცხებია:

ვერ შეუგნია სხვისი რამ

თავისიც დავიწყებია!..


აღარც აქ არის, აღარც იქ!..

ჩამდგარა ორ წყალთა შუა!..

გამოღმა გრძნობა დაჰკარგა

და გაღმა დარჩა მას ჭკუა.


მაგრამ ხომ გაგიგონიათ,

“ქვეყანას უმოახლოსა

ვირს ვარდისახარს ეძახდნენ,

რომ ხელი არვინ ახლოსა!..”


მესამე? მაგრამ მესამე,

მეათე, გინდა მეასე!..

სულ ერთი გვარი არიან…

შემისწავლია მე ასე.


და როცა გამოერევა

იმათში თითო-ოროლა,

როგორც ყვავებში ბულბული,

ანუ ჩხიკვებში ტოროლა,


აჩხავლდებიან დიდები,

აღარ აძლევენ შველასა!..

ანდა თვის კერძად გახდიან,

ან შეაჭმევენ მელასა.


ვინღა გაარჩევს პედაგოგს,

უგვაროსა და გვარიანს,

როდესაც ერთი ფასი აქვს

კავთისხევსა და ვარიანს?!

შოთა ნიშნიანიძე – ჩემი ქართულის მასწავლებელი

მარტში მამღვრევდა ფერისცვალება 

და ხეტიალის ჟინი მივლიდა, 

მზე საყელოში ხელს ჩამავლებდა 

და გამიყვანდა გაკვეთილიდან.


ლექსის და ნუშის ნაფერთალებით 

იფიფქებოდა ზეცა მიწამდე, 

ჩიტებს მიჰქონდათ ჩემი ბწკარები 

და ბუდეებად ხეზე იწნავდნენ.


თურმე იმ კაცსაც სენი ბურღავდა, 

მგოსნობის სენი – უიმედო რამ. 

თურმე თუშეთში მოყმე გულადი 

ვაჟა ფშაველას ლექსს დაეტორა.


ისიც გვიხსნიდა ჯერ დამშვიდებით, 

მერე თრთოლვით და ხელების ქნევით… 

ხელში შვლის ნუკრით, მხარზე ჩიტებით 

მერხზე ჯდებოდა შაირის დევი.


თმაზე ეყარა ყვავილი ტყემლის, 

მტვერი ვარსვლავთა და მეტეორთა 

ცალი თვალიდან სდიოდა ცრემლი 

და ცრემლში, ღმერთო! – მზე ეტეოდა.


თურმე რამხელა ცრემლი ყოფილა 

და რა უძირო უსაშველოდა! – 

მთელი ქვეყნით და მზით გაჭოლვილი 

მზეს რომ უძლებდა და არ შრებოდა!!


არც ხათრი გვქონდა, აღარც დანდობა, 

არც მორიდება მოზრდილ ყმაწვილებს – 

მოვტაცეთ იმ კაცს ახალგაზრდობა 

და ერთმანეთში დავინაწილეთ.


და,როგორც ანდერძს, ხშირად ვისმენდით: 

„მხოლოდ ის არის სწავლის მიზანი, 

რომ დაიზარდოთ სწორეთ ისეთნი, 

როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი!”


კეთილო კაცო, დამნაშავე ხარ- 

რად მომიწონე ლექსი პირველი? 

რად შემაჩეჩე ვაჟა ფშაველას, 

როგორც ქარიშხალს სუსტი ფრინველი.


ახლა მე მომდგა შაირის დევი, 

ბეჭებზე მირტყამს ტორივით სტრიქონს, 

ფშავ-ხევსურეთში ავყავარ ზევით 

და ქაჯთა სიბრძნეს ფიცისქვეშ მიყოფს…


დაე, იცოდნენ, ჩვენს საქართველოს 

ისევ სჭირდება შენისთანები, 

შენით ვამაყობ, ჩემო გამზრდელო, 

შენს ქართველობას ვეთაყვანები.


ირემო, ბარად ჩამოვარდნილო, 

თუ მოგეწევა ჟამთა ისარი, 

აყმუვლდებიან შენი დაზრდილნი, 

როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი!..

გიორგი შატბერაშვილი – პირველი დღე სკოლაში

გაბედულად მიდიოდა 

სკოლისაკენ პატარა, 

თუმც ამ დილით დედიკომ 

უცნობ ქუჩით ატარა.


მოდიოდა ჩანთით ხელში 

თვალებგაბრწყინებული, 

ბედნიერი, მხიარული, 

მხნე და დამშვენებული.


მაგრამ როცა მერხზე დასვეს 

და სუყველა დაწყნარდა, – 

უცებ შეკრთა ჩვენი გმირი, 

გული აუფანცქალდა.


ნეტავ რატომ? მან ხომ დილით 

დედას მისცა პირობა, 

რომ ისწავლის მუდამ კარგად, 

გამოიჩენს გმირობას!


მასწავლებლის ხმა გაისმის, 

ტკბილია და დედური, 

მას სამოცი თვალი უმზერს – 

ყველა დამშვიდებული.


კაკო რაღამ შეაშფოთა, 

იგი თითქოს მარტოა, 

ცრემლიანი თვალები

რატომ გაუფართოვდა?


იცის, გარეთ დედა უცდის, 

მას ხომ მისცა პირობა, 

რომ ისწავლის მუდამ კარგად, 

გამოიჩენს გმირობას!


დედის ტკბილი გახსენება 

აიმედებს, მხნევდება, 

ცრემლს იწმენდს და სიყვარულით

აღმზრდელს შეაცქერდება.

ლუარა ჭანტურია – ჩვენი მასწავლებელი

დედასავით მზრუნველი ხართ,

დედასავით გვევლებით.

სიყვარულით დაგიკრიფე

ეს ფერადი ყვავილები.


ყველა ერთნაირად გიყვართ,

ყველას ერთნაირად უვლით,

ამდენ სითბოს და სიყვარულს

როგორ იტევს თქვენი გული?


სადაც უნდა დავდიოდე

თქვენი სახე ყველგან მახსოვს,

მინდა შრომა და ამაგი

კარგი სწავლით დაგიფასო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *